გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანია

 

1989 წელს თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის (პედაგოგი შალვა მოსიძე) და ლენინგრადის კონსერვატორიაში სტაჟირების (პედაგოგი ილია მუსინი) დასრულების შემდეგ, გიორგი ჟორდანიამ სწავლა განაგრძო ამერიკაში, სადაც გაიარა სამაგისტრო პროგრამა ტენესის უნივერსიტეტში ჩატანუგაში (პედაგოგი დავიდ ჰოფეკერი). პარალელურად იგი მუშაობდა დირიჟორის ასისტენტად უნივერსიტეტის ორკესტრში, ასევე ჩატანუგის „ოპერისა და სიმფონიური ასოციაციის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან და მთავარ დირიჟორთან ვახტანგ ჟორდანიასთან.
1992 წელს იგი დაინიშნა მთავარ მოწვეულ დირიჟორად ხარკოვის ფილარმონიულ ორკესტრში. ხოლო შემდეგ დირიჟორად ხარკოვის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. წარმატებული იყო მისი გასტროლები ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა: დენვერის კამერული ორკესტრი (კოლორადო), სადაც 3 წლის განმავლობაში მთავარი მოწვეული დირიჟორი გახლდათ, ასევე, ფენიქსის სიმფონიური ორკესტრი(არიზონა), ქეიფ თაუნის ფილარმონიის ორკესტრი (სამხრეთ აფრიკა), თეგუს ფილარმონიის ორკესტრი (სამხრეთ კორეა) და სხვა. 1999-2003 წლების განმავლობაში გიორგი ჟორდანია იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 2000 წ. აპრილში ლ. ისაკაძესთან და კამერულ ორკესტრთან ერთად შედგა უპრეცენდენტო საგასტროლო ტური - "პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში" ევროპის დიდ ქალაქებში. ატარებდა საქველმოქმედო აქცია-კონცერტებს სამშობლოში და ქართული დიასპორისათვის პარიზსა და ლევილიში. 2000 წ. ლ. ისაკაძესთან ერთად მან დააარსა ბორჯომის კამერული მუსიკის ფესტივალი საქართველოში, სადაც ის მთავარი დირიჟორი იყო 2003 წლამდე. 2001 წელს, ჟორდანია გახდა პირველი პრემიის და გრან-პრის მფლობელი "ახალი მილენიუმის პირველი საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსზე" (ქ.ხარკოვი). იმავე წელს მას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
2002 წლიდან მას რეგულარულად იწვევენ სხვადასხვა კონკურსებზე ჟიურის წევრად. 2005 წელს უკრაინაში და 2006 წელს კი აშშ -ში იგი ვახტანგ ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო სადირიჟორო კონკურსის ჟიურის წევრია. 2008 წ. გ.ჟორდანიამ დაარსა თბილისის სააღდგომო ფესტივალი და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი. 2013-2014 წლებში კი გიორგი ჟორდანია ოპერისა და ბალეტის თავდაპირველად მმართველი და შემდგომ სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. ამავე დროს, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში.