საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია
ჩვენი ორგანიზაციის მისია
„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსდა ახალგაზრდა ქართველი პიანისტის – შორენა ცინცაბაძის მიერ, 2015 წელს. ასოციაცია ახორციელებს პროექტს „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (‘MISA’), რომელიც წელს მესამედ ჩატარდება.
ასოციაციის უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით. ‘MISA’ გეგმავს გაზარდოს კლასიკური მუსიკის ცნობადობა, მისცეს ცოდნა სტუდენტებს დადაეხმაროს მათ პროფესიულ წინსვლაში. ‘MISA’-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორების და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება მასტერკლასები, ლექციები და სემინარები. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას. ‘MISA’-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები.
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (MISA) აერთიანებს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე ახალგაზრდებს, რათა მათ გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და განავითარონ პროფესიული უნარები. ‘MISA’-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება ე.წ. ვორქშოფები, რომელთაც ექნება პოზიტიური გავლენა არამარტო ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო, არამედ ტურიზმის სფეროს განვითარებაზეც.