ჯერომ როუზი
ჯერომ როუზი – “ჩვენი დროის უკანასკნელი რომანტიკოსი”, ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი გახლავთ, რომლის შესრულება მსოფლიოს აღიარებულ და უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ საკონცერტო დარბაზებშია გაჟღერებული. ჯერომი გახლავთ ფ. ბუზონის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედლის მფლობელი. მან თავისი საერთაშორისო კარიერა ჯერ კიდევ 20 წლიდან დაიწყო. ჯერომ როუზი ადოლფ ბალერის მოწაფე იყო. მას დამთავრებული აქვს მენესის კოლეჯი და ჯულიარდის სამუსიკო სკოლა. ჯერომ როუზი ატარებს მასტერკლასებს მოსკოვის კონსერვატორიაში, შოპენის აკადემიაში (ვარშავა), მოცარტეუმში (ზალსბურგი), ტოჰოს მუსიკის კონსერვატორიაში (ტოკიო). იგი არის “საერთაშორისო კლავიშის ინსტიტუტისა და ფესტივალის” დამფუძნებელი / დირექტორი, რომელიც ნიუ-იორკში იმართება ყოველ ზაფხულს. უკანასკნელ სეზონზე მან ჩაატარა მასტერკლასები და ლექციები აშშ-ში, ევროპაში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში, გერმანიაში, რუსეთსა და აშშ-ში. დიდი მიღწევებისათვის იგი დაჯილდოებულ იქნა და მიენიჭა დოქტორის საპატიო წოდება (აშშ, ნიუ-იორკი). ჯერომ როუზს აქვს საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ჟიურის წევრად ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო როგორც პროფესორს აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლიანი სტაჟი. ჯერომ როუზმა თავისი უდიდესი გამოცდილება გაუზიარა და შეასწავლა მრავალ ცნობილ, ახალგაზრდა პიანისტს. ის გახლავთ ავტორი ოთხ ტომეულისა “ახალგაზრდა ვირტუოზთათვის”. ამჟამად იგი მოღვაწეობს ნიუ-იორკის მენესის კოლეჯში.
არტურ ნაზიულინი
საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, არტურ ნაზიულინი ახალი თაობის ათ საუკეთესო კლარნეტისტს შორისაა. ის გახლავთ ბაშკირეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, შ. ბაბიჩის სახელობის სახელმწიფო ლაურეატის მფლობელი, მოპოვებული აქვს ბაშკირეთის რესპუბლიკის მთავრის, რ. ხამიროვის გრანტი. არტური არის ვ. სპივაკოვის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ბაშკირეთის რესპუბლიკაში და მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის სოლისტი.
დაიბადა 1988 წელს, ბაშკირეთის ქალაქ უფაში. 2004 წლიდან სწავლობს პ. ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ აკადემიური მუსიკის კოლეჯსა და შემდეგ კონსერვატორიაში სახალხო არტისტის – პროფესორ ო.ბაღდასარიანის კლასში. საშემსრულებლო ხელოვნებას სრულყობს გერმანიაში: ქ.ლიუბეკის უმაღლესი სკოლა (საბინა მაიერის კლასი) და “ჰანს ეილერის” უმაღლესი სკოლა ქ.ბერლინში. იგი არის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და მრავალი ფონდის სტიპენდიანტი. სისტემატიურად ატარებს მასტერ კლასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
მუსიკოსი აქტიურად თანამშრომლობს მშობლიურ ბაშკირეთთან. 2013 წელს რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტები და მიღებული თანხა გადაურიცხა სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებს. 2014 წელს არტურ ნაზიულინმა დაარსა სახელობითი სტიპენდია «თანავარსკვლავედი» ბაშკირეთის რესპუბლიკის ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. იგი არის ვ.სპივაკოვის ფონდის საზაფხულო შემოქმედებითი სკოლის ორგანიზატორი. 2017 წელს გახდა „Buffet Crampon“-ის არტისტი.
ნანა იაშვილი
“ჩვენ ვისიამოვნეთ მევიოლინე ნანა იაშვილის შესრულებით, მისი ბგერის ცოცხალი და შესანიშნავი ჟღერადობით, შინაგანი ბრწყინვალების და პათოსის თანაარსებობა მას ჩვენი დროის უდიდეს ვირტუოზად წარმოაჩენს”, Neue Westfälische Zeitung;
არტისტული ქარიზმა განპირობებულია ქართული და გერმანული კულტურების გავლენით. იგი დაიბადა თბილისში, სადაც მან მიიღო მუსიკალური განათლება და ტექნიკური გამოცდილება თავისი მამისგან – პროფესორ ლუარსაბ იაშვილისგან. შემდგომ, მან გაიარა ცნობილი მევიოლინეს, პროფესორ ლეონიდ კოგანის კლასი მოსკოვის კონსერვატორიაში. იგი არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული (მონრეალი, პარიზი). იგი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც ჟაკ ტიბოს საერთაშორისო კონკურსზე მოიგო გრან-პრი, აქვე მას მიანიჭეს სპეციალური პრიზი მ. რაველის “Tzigane”-ს საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ნანა იაშვილი თანამშრომლობს სახელგანთქმულ ორკესტრებსა და მათ ისეთ ცნობილ დირიჟორებთან როგორებიც არიან: კ.აბადო, კ.ბოჰმი, კ.მაზური, ვ.ნეიმანი, ალ.დმიტრიევი, უ. ლაოვიჩი, ნ.იარვი, ი.მენუჰინი, ვ.გერგიევი, პ.კოგანი და ჯ.კახიძე. ნ.იაშვილი მონაწილეობს სხვადასხვა საზაფხულო ფესტივალებში. ფართოა მისი მუსიკალური საშემსრულებლო რეპერტუარი – ბაროკოდან თანამედროვე კლასიკამდე.
ნანა იაშვილი გახლავთ გერმანიის ქალაქ ესენის Folkwang Hochschule-ს პროფესორი. ის ატარებს მასტერკლასებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ნანა იაშვილი უკრავს ნიკოლა გალიანოს 1732 წლიან ვიოლინოზე.
შორენა ცინცაბაძე
დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური კოლეჯი და ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია, რუსეთის სახალხო არტისტ, პროფესორ ზ. ა. იგნატიევასთან, რომელიც წარმოადგენს გამოჩენილი პიანისტის, პროფესორ ს. ე. ფაინბერგის კლასს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი გახდა პიანისტთა ისეთი საერთაშორისო კონკურსების პრიზიორი, როგორებიცაა: «Классическое наследие» (მოსკოვი, 1999წ.), „Grand International Piano Competition“ (პარიზი, 1999წ.), «Ibla grand Prize» (იტალია, 2000წ.), სადაც შორენამ დაიმსახურა გამოჩენილი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას სპეციალური პრიზი „განსაკუთრებული მუსიკალურობისა და ნიჭისათვის“. 2000წ. ამერიკულმა ფირმა „Angelok“-მა ჩაწერა მისი პირველი დისკი რუსეთის ფედერალურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც თვით ვახტანგ ჟორდანია ხელმძღვანელობდა. წარმოდგენილი იყო რახმანინოვის ნაწარმოებები. მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მან თავისი ხელოვნება აშშ-ში, პროფესორ ო.იაბლონსკაიასთან დახვეწა. 2008წ. შორენა ცინცაბაძემ გააფორმა ექსკლუზიური კონტრაქტი მსოფლიოს წამყვან კლასიკური მუსიკის ბრენდთან „Naxos“-თან. ჩაიწერა ს. მ. ლიაპუნოვის ორივე საფორტეპიანო კონცერტი და რაფსოდია უკრაინულ თემებზე ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, რუსეთის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც დ. იაბლონსკი დირიჟორობდა. დისკმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა: „მოსკოვში დაბადებული შორენა ცინცაბაძე თითქოს ამ მუსიკისთვისაა დაბადებული; იგი მას ისე უკრავს, როგორც ვან კლიბერნი ჩაიკოვსკის, თბილად, ლირიკულად და კურთხეულად. იგი, ადვილად გადადის ორივე კონცერტოს განწყობაზე, ჭეშმარიტად განიცდის ამ რაფსოდიას, მოხერხებულად გადადის ცენტრალური პოლონური ცეკვიდან კაზაკთა ცეკვაზე.“ – სტივენ ჯ. ჰელერი (American record guide, მარტი 2011წ.), „შესანიშნავი შესრულებაა შორენა ცინცაბაძეს ბრწყინვალე დაკვრით ,…“. – „Guardian“. 2015წ. HBDirect.com-მა ცინცაბაძის ალბომი შეიყვანა ნაქსოსის ბესთ სელერების სიაში. 2013წ. მან დაამთავრა ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა რუსეთის სახალხო არტისტ, აკადემიკოს სერგეი დორენსკისთან, რომელიც აღნიშნავს, რომ შორენას “აქვს დიდი მუსიკალური ნიჭი, შეუზღუდავი ტექნიკა და კაშკაშა ინდივიდუალიზმი“.
გაკვეთილებს ღებულობდა მის ასისტენტებთანაც, ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ნიკოლაი ლუგანსკი, ანდრეი პისარევი და პაველ ნერსესიანი. ჩატარებული აქვს კონცერტები მრავალ ქვეყანაში, გამოდიოდა ცნობილ საკონცერტო დარბაზებში და თანამშრომლობდა გამოჩენილ დირიჟორებთან: ვ. ჟორდანია, დ. იაბლონსკი (აშშ); ა. სლუცკი, ს.ფერიულოვი, ვ.ბულახოვი(რუსეთი), რ. ტაკიძე (საქართველო), ი. კაზუფუმი (იაპონია), ბ. პეკი (ბრიტანეთი), და ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა: რუსეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რუსეთის ფედერალური და მოსკოვის კამერული ორკესტრი „წელიწადის დრონი“, თეგუს სომფონიური, ხარკოვის და სენდაის ფილარმონიის ორკესტრი, ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი. როგორც სოლისტი-პიანისტი და კამერული ანსამბლის სოლისტი წარმატებით მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებსა და აკადემიებში. შორენა ცინცაბაძის რეპერტუარი მოიცავს მუსიკის ფართო სპექტრს, აქვს მრავალი სოლო საკონცერტო პროგრამა და მის რეპერტუარში ოცზე მეტი საფორტეპიანო კონცერტია. იგი გამოჩნდა რუსეთის, აშშ, კანადის, გერმანიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, საქართველოს, საფრანგეთის, იტალიის და ა.შ. სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობაშიც.
2015წ. შორენა ცინცაბაძემ დააარსა „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ და „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“.
ნინო ბარკალაია
წარჩინებით დაამთავრა ქ. მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო, საორღანო და მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტები. არის საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კავალერი (2002), უნივერსიტეტ „პარიზი 8“-ს ესთეტიკის, მუსიკათმცოდნეობის და ფილოსოფიის დოქტორი. ასევე, მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. ფლობს კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ფართო საკონცერტო რეპერტუარს. მას აქვს გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში, კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერ-კლასებს ევროპის უნივერსიტეტებსა და კონსერვატორიებში. ასევე, ის თანამშრომლობს მუსიკოსებთან: ო.კაიზერთან-არფა, პ.-ივ არტოსთან – ფლეიტა, ს.გაზოსთან – ვიოლინო და კომპოზიტორებთან – გ.რებელთან, მ.ლევინასთან, ბ.ვივანკოსთან, ო.სტრასტნოისთან და სხვ. როგორც სოლისტი-პიანისტი კონცერტებს მართავს რუსეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. განახორციელა ჩაწერები რადიოში, ტელევიზიაში და კომპაქტ-დისკებზე, მათ შორის პირველად ჩაწერა კომპოზიტორ ნიკოლაი ობუხოვის თხზულებათა სრული კრებული ფორტეპიანოსთვის. მონაწილეობდა ფესტივალებში: „მოსკოვური შემოდგომა“, ო. მესიანის ხსოვნის ფესტივალი (მოსკოვი), ფესტივალი ტრირეში (გერმანია), დ. შოსტაკოვიჩის ხსოვნის ფესტივალი (2006, პარიზი), თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „Multiphonia“ (Radio France, პარიზი), ფესტივალი მონპელიეში (საფრანგეთი) და სხვ. არის: რიგ კომპოზიტორთა შემოქმედების მკვლევარი და პოპულარიზატორი; 2007 წლის რადიოპროგრამების და დღიურების ავტორი „რადიო დე ფრანს“-ზე; 21 პროგრამის („კლასიკოსების შესრულება მიხეილ ვოსკრესენსკისთან ერთად“) ავტორი და შემქმნელი ტელეარხ „კულტურა“-ზე (2011-2013); ნინო გახლავთ მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუდმივი მონაწილე. დაახლოებით 60 სტატიის ავტორი რუსულ და ფრანგულ ენებზე. ის 2005 წლიდან დღემდე ასწავლის მოსკოვის კონსერვატორიის საფორტეპიანო და საორკესტრო ფაკულტეტებზე. 2014 წლიდან, როგორც წამყვანს და მოქმედ პიანისტს, მიყავს ავტორული აბონემენტი კონსერვატორიაში ლექცია-კონცერტების სახით.
რაფაელ ბაღდასარიანი
1957 წელს დაამთავრა გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი (ი. პ. მოზგოვენკოს კლასი), 1962 წელს – წარჩინებით მოსკოვის კონსერვატორია (ა.ვ. ვოლოდინის კლასი), 1965 წელს – ასპირანტურა(ხელმძღვანელი ვ.ვ.პეტროვი). თავდაცვის სამინისტროს ორკესტრში მოღვაწეობისას 1957 წელს აითვისა კლარნეტების ფრანგული-„ ბიომის“ სისტემა, რომლის აქტიური პროპაგანდისტი გახდა. 1978 წელს მან დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია სპეციალობით „საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა“ (ბ.ე. ხაიკინის კლასი). 35 წელზე მეტი იყო რუსეთის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის სოლისტი. ამჯერად რ. ბაღდასარიანი მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორიის პროფესორია.
მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები ჭეშმარიტად მაღალი კლასის მუსიკოსები არიან. მათ შორისაა: ი. რუდიჩი, ა. მიხაილენკო, დ. რიბალკო, ა. ბალინსკი, ო. სოლომახინი, ა. პოლიაკოვი, ნ. აგეევი, ტ. საიფულინი, ბ.ალახვერდიანი, ა.ნაზიულინი და სხვ. მრავალი წლის შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა მას კომპოზიტორებთან: ა. ხაჩატურიანი, ე. დენისოვი, ა. შნიტკე, ტ. ხრენიკოვი, რ. შჩედრინი, რ. ლედენიოვი, ვ. აგაფონიკოვი, ვ. ტარნოპოლსკი. თავის თხზულებებს უძღვნიდნენ მას: ლ. კნიპერი, ე. ხაგაგოტრიანი, ა. ლემანი, ა. არტიომოვი, ე. რუსანოვი-ლუკასი (აშშ). ის გამოდიოდა ანსამბლში ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან, როგორიცაა: ვ. აშკენაზი, მ. როსტროპოვიჩი, გ. ვიშნევსკაია, ვ. დულოვა, ნ. შახოვსკაია, ა. კორნეევი, ა ბონდურიანსკი, ვ. ივანოვი, ე. ბარონე (აშშ).
პროფესორი რაფაელ ბაღდასარიანი არის მოსკოვის ვ.ა. სოკოლოვის სახ. კლარნეტისტთა კლუბის პრეზიდენტი. მას მუდმივად პატიჟებენ საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად ევროპასა და აშშ-ში. რ. ბაღდასარიანის მიერ ჩაწერილია უამრავი ფირფიტა და კომპაქტ-დისკი. რადიო- ფონდში ინახება მრავალი ნაწარმოების ჩანაწერები კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის, ანსამბლები, თხზულებები კლარნეტისთვის ორკესტრთან ერთად.
ანდრეი პისარევი
პროფესორი, მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანი. ქ. მოსკოვის პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
აქტიური საკონცერტო შემოქმედებისათვის (1999). ს.ვ.რახმანინოვის სახელობის კონკურსის (მოსკოვი, 1983, I პრემია), ვ.ა.მოცარტის სახ. საერთაშორისო კონკურსის (ზალცბურგი, 1991, I პრემია), ბელცანოში ფ.ბუზონის სახ. საერთაშორისო კონკურსის (1992, IV პრემია და სპეციალური პრიზი ვ.ა.მოცარტის თხზულებების საუკეთესო შესრულებისთვის), პრეტორიის საერთაშორისო კონკურსის
(1992, I პრემია)
ლაურეატი. 1992 წლიდან – ასისტენტი პროფ. ს.ლ.დორენსკის კლასში. მისი სტუდენტები არაერთხელ გამხდარან პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და გამარჯვებულები. მას ხშირად იწვევენ რუსეთში, იაპონიაში, იუგისლავიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. პიანისტს ჩაწერილი აქვს უამრავი კომპაქტ-დისკები მოცარტის, ბეთხოვენის, შოპენის, ლისტის, გრიგის,რახმანინოვის,შოსტაკოვიჩის და მიასკოვსკის ნაწარმოებები. ს.ვ.რახმანინოვის სახ. კონკურსზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო პიანისტის აქტიური საკონცერტო შემოქმედება სსრკ ქალაქებში, ხოლო მოგვიანებით – საზღვარგარეთაც. პისარევი გამოდიოდა ისეთ ცნობილ ორკესტრებთან ერთად, როგორიცაა: რუსეთის ნაციონალური ორკესტრი, ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრი, მილანის რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, იაპონიის საფილარმონიო ორკესტრი, ქალაქების პეტროზავოდსკი, ვორონეჟი, მინსკი, ბელგრადი, ბაზელი, კეიპთაუნი, დურბანი, იოჰანესბურგი, მალმიო, ოულუ, როსტოვ-ნა-დონუ და სხვ. ფილარმონიების ორკესტრებთან, თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორიცაა ვ.ვერბიცკი, ვ.დუდაროვა, პ.იადიხი, ო.სოლდატოვი, ლ.ნიკოლაევი, ა.ჩისტიაკოვი, ს.კოგანი, ა.ბორეიკო, ნ.ალექსეევი. 1991 წლის შემდეგ პისარევი რეგულარულად გამოდისსაზღვარგარეთ: ავსტრია, გერმანია, იტალია, იუგოსლავია, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია, აშშ, ბრაზილია, კოსტა-რიკა, ესპანეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ბულგარეთი. არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ს.ვ.რახმანინოვის შემოქმედებისათვის მიძღვნილ ფესტივალებში (რისტოვ-ნა-დონუ, ტამბოვი, ხარკოვი, დიდი ნოვგოროდი) და სსრკ სახალსო არტისტის ი.კ.არხიპოვას მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ სტუმრობებში. ხშირად გამოდის კ.როდინთან, პ.ნერსესიანთან, ა.ბრუნთან, ვ.იგოლინსკთან და სხვებთან ერთად. მონაწილეობას იღებდა დიდი ნოვგოროდის საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრის სახით (ს.ვ.რახმანინოვის სახ. ახალგაზრდული კონკურსი, 1998, 2000, 2003, 2008, 2010 წწ.), სოლტ-ლეიკ-სიტიში (აშშ, ჯ.ბახაუერუს სახ. 2002 და 2003 წწ.), ტოკიოში (2003), ბუჰარესტში (რუმინეთი, ჯორჯე ენესკუს სახ. 2011 წ.), პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2012 წ.), ხამამაცუში (იაპონია, 2012 წ.).
თამარა გვაძაბია
ქ. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებში (სამუსიკო სკოლა, ათწლედი, სასწავლებელი, კონსერვატორია), სადაც ასწავლის ფორტეპიანოს, კამერულ ანსამბლსა და საკონცერტმეისტერო ოსტატობას. ხელმძღვანელობს საფორტეპიანო განყოფილებას. იყო სამუსიკო ათწლედისა და მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, სადაც მისი ინიციატივით და აქტიური ქმედებით დაარსდა ექსპერიმენტული სკოლა. მიწვეული იყო რესპუბლიკური კონკურსების ჟიურის წევრად. იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. 80-ან წლებში გაიარა ასისტენტურა სტაჟირების სრული კურსი ქ. მოსკოვის გნესინების სახ. სახელმწიფო მუსიკალურ- პედაგოგიური ინსტიტუტის კამერული ანსამბლისა და საკონცერტმეისტერო ოსტატობის კათედრაზე.
1989 წლიდან ქ. მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მუშაობას იწყებს გნესინების სახ. სპეციალურ სამუსიკო საშუალო სკოლაში. ბოლო 20 წელია მოღვაწეობს პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში. როგორც კამერული ანსამბლის სოლისტი და კონცერტმეისტერი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში (რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი და სხვ.). არის საერთაშორისო კონკურსების დიპლომანტი. გამოდიოდა არაერთ გამოჩენილ მუსიკოს-შემსრულებელთან ერთად. მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
იური სტრეგლოვი
იური სტრეგლოვი სწავლობდა უფის ზ. ისმაგილოვის სახელობის ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ა.დ.ფრანკთან.
მუშაობს ორლოვის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში დოცენტად.
აქვს 50-ზე მეტი პუბლიკაცია ისტორიის, საშემსრულებლო ხელოვნების თეორიისა და სოციოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, პუბლიკაცია „საშემსრულებლო ინტერპრეტაციის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ“, „საკლავოშო-საფირტეპიანო შესრულება სტილური ეპოქის კონტექსტში“, „თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტები“, „პიანისტური ხელოვნება ხმის ჩაწერაში” და ა.შ.